Tuesday, September 9, 2014

ნახევარ პრინცის "ნახევარ მკვლელობა" ?!


ამ ბლოგის მკითხველებისთვის ალბათ არ იქნება სპოილერი, თუ გავიხსენებ პოტერიადის მეექვსე ნაწილის იმ სცენას, რომელშიც ჰოგვორსტის შხამ-წამლებისა (და შემდგომში - ბნელი ძალებისგან თავდაცვის) პროფესორი სევერუს სნეიპი მომაკვდინებელი შელოცვით კლავს ამავე სკოლის დირექტორ ალბუს დამბლდორს.





თუმცა, ასევე ყველას გვემახსოვრება ის ეპიზოდი სიკვდილის საჩუქრებიდან, რომელშიც სნეიპის მოქმედებათა ნამდვილ მიზეზები ჩანს.

საბოლოო  ჯამში, სნეიპის მიერ დამბლდორის მკვლელობა დამბლდორისავე გეგმის ნაწილი და მისი სურვილის შესაბამისი იყო. თუმცა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სნეიპმა მოასწრაფა დამბლდორის სიცოცხლე. ამიტომაც, განსახილველია, დაისჯებოდა თუ არა სნეიპი მის მიერ განხორციელებული ქმედების გამო და საერთოდ, რა ქმედება ჩაიდინა მან? (ბლოგის მიზნებისთვის სნეიპის ქმედება განიხილება ქართული კანონმდებლობის მიხედვით).

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გასათვალისწინეებელია უმნიშვნელოვანესი დეტალი,  - დამბლდორს სურდა სიკვდილი და სნეიპმა Avada Kedavra სწორედ მისი თხოვნით წარმოთქვა.


შესაბამისად, სნეიპმა ფაქტობრივად, ჩაიდინა ევთანაზია, ანუ მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით. თუმცა, საქართველოს სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა, ისევე, როგორც მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო, განასხვავებს ორი სახის - პასიურ და აქტიურ ევთანაზიას. პასიური ევთანაზია არაინკრიმინირებული და, შესაბამისად, არადასჯადი ქმედებაა, აქტიური ევთანაზია კი ისჯება საქართველოს სსკ 110-ე მუხლით, რომლის თანახმადაც ,,მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“ როგორც ნორმის დისპოზიციიდან იკვეთება, გასათვალისწინებელია მსხვერპლის ნების ნამდვილობის საკითხიც, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც იარსებებს სსკ 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მკვლელობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას (როგორც მოგეხსენებათ, შელოცვის წარმოთქმის დროს ოთახში სხვა პირებიც იმყოფებოდნენ).[1]
შესაბამისად, სნეიპმა ჩაიდინა ერთ-ერთი ქმედება შემდეგთაგან:
 ა) არადასჯადი პასიური ევთანაზია;
ბ) სსკ 110-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, ანუ აქტიური ევთანაზია;
გ) სსკ 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მკვლელობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ა) არადასჯადი პასიური ევთანაზია:
პასიური და აქტიური ევთანაზიის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში:

ანუ, პასიური ევთანაზია რეალურად იმ მკურნალობის შეწყვეტაა, რომლის გარეშეც მსხვერპლს სიცოცხლე არ შეუძლია.[2] მოცემულ შემთხვევაში სნეიპს არ ,,შეუწყვეტია თერაპია“, რომლის გარეშეც მსხვერპლს სიცოცხლე არ შეეძლო - პირიქით, მან ჩაიდინა ქმედება, რომელმაც დააჩქარა მსხვერპლის სიკვდილი.


შესაბამისად, სნეიპს არ ჩაუდენია პასიური ევთანაზია.
ბ) მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, ანუ აქტიური ევთანაზია:
აქტიური ევთანაზია სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებაა, თუმცა იგი ჩვეულებრივი მკვლელობისგან[3] განსხვავებით, ჩადენილია შემამსუბუქებელ გარემოებაში და ითვალისწინებს გაცილებით მცირე სასჯელს. ამიტომ, მას გააჩნია რამდენიმე პირობა, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ქმედება სსკ 110-ე მუხლით დაკვალიფიცირდეს:
1) ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს უკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე. როგორც ვიცით, დამბლდორს ნამდვილად სჭირდა დაავადება, რომელიც სნეიპის მიერ დამზადებული წამლების დადებითი ეფექტის მიუხედავად, მას მაქსიმუმ 1 წელიწადში ბოლოს მოუღებდა. მარვოლო გონტის ბეჭდის გაკეთების ანტიდოტი არ არსებობს.

მართალია, სნეიპმა მოახერხა წყევლის ლოკალიზება მარჯვენა ხელში, თუმცა დროსთან ერთად ის აუცილებლად გაძლიერდებოდა და მთელს სხეულს მოედებოდა, რაც ალბუსის მტანჯველი და დამამცირებელი სიკვდილით დაბოლოვდებოდა. შესაბამისად, დამბლდორს სჭირდა უკურნებელი დაავადება და იმყოფებოდა იმ სტადიაზე, რომლისგანაც there is no coming back.


2) მკვლელობა ჩადენილი უნდა იყოს მსხვერპლის დაჟინებული, არაერთგზისი თხოვნის შედეგად. ცნობილია, რომ სნეიპის მიერ დამბლდორის  მკვლელობის ინსცენირების აზრი ჰოგვორსტის დირექტორის გონებაში შინ დაბრუნებისთანავე გაჩნდა და მან რამდენჯერმე სთხოვა სნეიპს ამის გაკეთება. მსოფლიოს უდიდეს ჯადოქარს არ სურდა დამამცირებელი სიკვდილის მიღება, ამიტომაც სთხოვს ის ნახევარპრინცის 33-ე თავში სნეიპს მის მოკვლას, შემდეგ კი სნეიპს დაურღვეველი ფიცის მიღებასაც აიძულებს.
3) მსხვერპლის თხოვნა განხორციელებული უნდა იყოს საღი გონებით და შეესაბამებოდეს მის ნამდვილ ნებას. დამბლდორი, საშინელი ტკივილების მიუხედავად, საღ გონებაზე იმყოფებოდა; მას სიკვდილამდე არ დაუკარგავს ბატონობა საკუთარ სიტყვებსა და მოქმედებებზე. ამიტომ,  მისი თხოვნები იყო ნების ნამდვილი გამოვლენის შედეგი.
4) მსხვერპლი უნდა იტანჯებოდეს ფიზიკური და არა სულიერი ტკივილებით. მარვოლო გონტის ბეჭედი სწორედ ფიზიკურ ტკივილებს იწვევდა, რის შედეგად დამბლდორს მარჯვენა ხელი მთლიანად გაუშავდა და გაუხმა (რასაც სტუდენტებიც ხედავენ ნახევარპრინცის მესამე თავში). სნეიპი საკუთარი წამლებით ცდილობდა ამ ტკივილის განდევნას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - დამბლდორი ფიზიკური ტკივილისგან ნამდვილად იტანჯებოდა.
5) მკვლელობა ჩადენილი უნდა იყოს მსხვერპლის ტანჯვისგან გათავისუფლების მოტივით. მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით სსკ 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისგან სწორედ მოტივით განსხვავდება. ჩვეულებრივი მკვლელობის დროს დამნაშავის მოტივი მრავალგვარი შეიძლება იყოს - ანგარება, შურისძიება, ეჭვიანობა და ა.შ., ევთანაზიის დროს კი ამსრულებლის ქმედება განპირობებულია სიბრალულით. დამნაშავეს უნდა ებრალებოდეს მსხვერპლი და მის მიზანს მსხვერპლის ტანჯვის შემსუბუქება უნდა წარმოადგენდეს. იმის მტკიცება, რომ სნეიპს სწორედ დამბლდორის დახმარება სურდა, სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ღია კარის შემტვრევის ცდა. სნეიპის მოტივს სიბრალული და დამბლდორისავე ნების შესაბამისი მოქმედების სურვილი წარმოადგენდა. მას კი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, შემიძლია ვუსურვო პაემანი ნაგინისთან სანთლების შუქზე J

შუალედური დასკვნა: სნეიპის ქმედება წარმოადგენს სსკ 110-ე მუხლით გათვალისწინებულ მკვლელობას მსხვერპლის თხოვნით.

სსკ მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმისათვის, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაული გახდეს, ამისათვის საჭიროა, რომ ეს ქმედება იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს ქმედების წინააღმდეგობას საზოგადოების მიერ აღიარებულ კულტურულ ნორმებთან. ამ შემთხვევაში სნეიპის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა ეჭვს არ იწვევს, რადგან არ არსებობს გარემოება, რომელიც გაამართლებდა მის ქმედებას.[4]
რაც შეეხება ბრალს, იგი გულისხმობს მოსამართლის მიერ პირის გაკიცხვას მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო. თუ არსებობს ბრალის გამომრიცხველი გარემოება, პირს შეიძლება ეპატიოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამ მხრივ საინტერესო შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ სნეიპის მიერ განხორციელებული ქმედება დამბლდორის გეგმის ნაწილი იყო და ბნელი ბატონის შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად, რამაც საბოლოოდ გადაარჩინა კიდეც როგორც ჯადოქართა, ასევე მაგლთა სამყარო. ამ ფაქტის შეფასება მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლის ინდივიდუალურ შეხედულებაზეა დამოკიდებული და მკითხველს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რა მნიშვნელობას მიანიჭებს მას. პირადად ჩემთვის იგი ბრალის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რის გამოც მიმაჩნია, რომ სნეიპი მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელს - ორი წლით თავისუფლების აღკვეთას იმსახურებს.



გამოყენებული მასალა:
  • სსკ-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
  • ამავე კოდექსის კერძო ნაწილის კომენტარები, წიგნი 1;
  • ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი;
  • http://harrypotter.wikia.com/wiki/Severus_Snape;
  • და  თამბლერის რამდენიმე ბლოგი J


(Cავტორი: საბა-გიორგი ბრაჭველი;
იდეა: გიორგი კალანდაძე;
რედაქტირება: გიორგი კეკენაძე.





[1] თუ, რასაკვირველია, მავანი სასიკვდილო შელოცავას განსაკუთრებულ სისასტიკეშიც არ გაიყვანს :D 
[2] ასეთი შემთხვევის მაგალითი იქნებოდა წვეთოვანის კაბელის გამორთვა ავადმყოფისთვის, რის შედეგადაც დგება სიკვდილი
[3] სსკ 108-ე მუხლით გათვალისწინებული მარტივი მკვლელობა
[4] მაგალითად, მკვლელობა იქნებოდა არამართლსაწინააღმდეგო, თუკი ის ჩადენილი იქნებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, როდესაც პირი საფრთხისგან იცავდა თავს.

6 comments:

  1. სსკ 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მკვლელობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას (როგორც მოგეხსენებათ, შელოცვის წარმოთქმის დროს ოთახში სხვა პირებიც იმყოფებოდნენ)"

    აფეთქების შელოცვა ესროლა თუ გეენა გაუშვა ამას რომ იყენებ?

    განსაკუთრებული სისასტიკეც არაა. თავად წიგნის შინაარსიდან იკვეთება, რომ ავადა კედავრა, განსხვავებით კრუციატუსისაგან, ტკივილს არ აყენებს, უბრალოდ კლავს. ასე რომ ამ ნაწილში განსაკუთრებული სიასტიკე არაა. შეიძლება იმისი მოგონებაც, რომ ამ დროს კოშკზე ჰარიც იყო, რომელიც დამბლდორთან გამორჩეულად დაახლოებული პირი იყო (რაღაცა პონტში) და თანაც არასრულწლოვანი, და მაგიტოა განსაკუთრებული სისასტიკეო, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს ერთ ფაქტორს - სნეიპისათვის პოტერის იქვე ყოფნა არ იყო შეცნობადი ისეთი ობიექტური მიზეზის გამო, როგორიცაა უჩინმაჩინის მოსასხამი. სნეიპი ვერ ხედავდა ჰარის, და არ ესმოდა მისი ხმები, ზოგადად არაფერი არ მიანიშნებდა რომ პოტერი კოშკზე იყი, შესაბამისად, მისთვის ჰარის კოშკზე არსებობა ობიექტურად აღქმადი არ იყო

    ReplyDelete
  2. მადლობა კომენტარისთვის :)

    1. აფეთქების შელოცვა ესროლა თუ გეენა გაუშვა ამას რომ იყენებ?

    ჰოგვორტსის ''ობსერვატორია" ვიზუალურად უკეთ რომ აღმექვა, ფილმით ვიხელმძღვანელე, სადაც ჩანს, რომ ბევრი ისეთი ნივთია, რომელსაც შეეძლო აერეკლა შელოცვა. ნივთს რომ თავი დავანებოთ, დამბლდორსაც ხომ შეეძლო მოეგერიებინა კონტრშელოცვით და საით წავიდოდა მწვანე სხივი, არავინ იცის. ფილმში ბელატრისა და სხვებიც არიან ოთახში, თუმცა წიგნში მარტო ჰარი ხედავს. ჰარის ოთახში ყოფნის შეუცნობლობის ნაწილში გეთანხმები, მაგრამ შელოცვის გასროლის მომენტში სწორედ დანარჩენებისთვის ქმნიდა სნეიპი აბსტრაქტულ საფრთხეს.

    2. არსად მითქვამს, რომ განსაკუთრებული სისასტიკეა, ის სქოლიო ნახევარ-ირონია უფროა, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულად ვიმსჯელებდი მაგ გარემოებაზეც :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. 1. პროფესორი მუდის სიტყვები, მეოთხე წიგნიდან: "კონტრშელოცვა არ არსებობს. ბლოკირება შეუძლებელია". თანაც ავადა კედავრაა, საფანტი კი არა, ვთქვათ, კრამიტიდან ასხლტეს და ვინმე გააგოროს

      2. ოხერო

      Delete
    2. და მაინც, ჰარიმ ორჯერ (ამ ეპიზოდისთვის - ერთხელ) შეძლო და აიცილა სასიკვდილო შელოცვა. გასაგებია, რომ ეს ჰარი იყო (ლილი უფრო), მაგრამ აშკარაა, რომ მისი არიდების თეორიული შანსი მაინც არსებობდა, მითუმეტეს კაცობრიობის უდიდესი ჯადოქრის მიერ. ეს კი ქმნის აბსტრაქტულ საფრთხეს, რაც კვალიფიკაციის დამძიმების საკმარისი საფუძველია

      Delete
    3. შენი ჭირიმე იმის გარჩევა არ დაიწყო აქ როგორ აირიდა ჰარიმ წყევლა და უქმნიდა თუ არა ეგ საფრთხეს სხვებს, იმიტომ რომ კოშკის ამბისგან ძალიან განსხვავდება ეგ ყველაფერი.

      და ხო, ისიც გაითვალისწინე, სნეიპმა იცოდა რომ დაბლდორი თავის დაცვას არ აპირებდა

      Delete
  3. Ra aicili, ashkarad orivejer moxvda.. teoriuli shansi aridebis iarsebebda, albuss joxi rom hkonoda.. ise ki sneipis 2-3 metridan gasrolili wyevlis acileba ufro didi mistikaa vidre mis mierve tavis dabanis shansi..

    ReplyDelete