Wednesday, September 10, 2014

ჯოფრი ბარათეონის მკვლელობა - ვესტეროსი მართლმსაჯულების მოლოდინში

   




მოქმედი პირები:
Ø  აწგარდაცვლილი - ჯოფრი ბარათეონი (ავ ენებს თუ დავუჯერებთ - ლანისტერი)
Ø  პიტერ ბეილიში, იგივე ,,ნეკა“
Ø  სერ დონტოს ჰოლარდი
Ø  სანსა სტარკი
Ø  ოლეინა ტირელი
Ø  ტირიონ ლანისტერი

მოქმედება პირველი: მკვლელობა

მათთვის, ვინც სერიალს ადევნებდა თვალყურს, ამ მოკლე რეზიუმეს გადახედვაც (http://kinoblogi.ge/2014/04/hesdeadfinally/) საკმარისი იქნება მომხდარი მოვლენების გონებაში აღსადგენად. დანარჩენებს კი მოკლედ შევახსენებ, თუ როგორი იყო ჯოფრის მკვლელობის სქემა: სერ დონტოსმა, რომელიც პიტერ ბეილიშის მიერ იყო დაქირავებული, სანსა სტარკს გადასცა ყელსაბამი (წიგნში - თავსამკაული), რომლის ერთ-ერთი თვალი შეცვლილი იყო საწამლავის შემცველი კაფსულით. სწორედ ეს კაფსულა ჩააგდო ოლეინა ტირელმა სასმისში, რომელიც ჯოფრის მისმა უსაყვარლესმა ბიძამ, ტირიონ ლანისტერმა მიუტანა. მოწამლული სითხის დალევისთანავე პატარა დიქტატორმა სული განუტევა. მოქმედებათა ჯაჭვში, რომლის შედეგადაც ვესტეროსის სამყარო ოდნავ უკეთესი ადგილი გახდა, ხუთი სხვადასხვა პერსონაჟი ურევია, ამიტომ ისმება კითხვა - მათგან რომელი აგებს პასუხს შვიდი სამეფოს მბრძანებლის სიკვდილის გამო საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის მიხედვით?


                           


მოქმედება მეორე: თანამონაწილენი

ჯოფრის მკვლელობაში აშკარად ერთზე მეტი პირია გარეული, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამონაწილეობა, რომლის დროსაც ,, ორი ან მეტი პირი იღებს განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში.“ განზრახი დანაშაულის - მკვლელობის არსებობა აშკარაა. მოქმედებათა ჯაჭვში, რომელიც ჯოფრის სიკვდილამდე მიდის, ხუთი სხვადასხვა პერსონაჟი იღებს მონაწილეობას. თუმცა, კანონის ჩანაწერიდან ჩანს, რომ პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია განზრახი მონაწილეობა. ამრიგად აუცილებელია გაირკვეს, თუ ვინ იღებდა მკვლელობაში განზრახ მონაწილეობას.


კოდექსის აღნიშნული ნორმა საშუალებას იძლევა, ბრალდებულის სკამზე ,,მსხდომი“ ხუთი პერსონაჟიდან მინიმუმ ორი გათავისუფლდეს. ტირიონ ლანისტერმა არ იცოდა, რომ სასმისში, რომელიც მან ჯოფრის მიაწოდა, მოწამლული სითხე ესხა,[1] შესაბამისად მას ,,არ ჰქონდა გაცნობიერებული თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა“ და ასევე არ ითვალისწინებდა ,,მართლსაწინააღმდეგო შედეგის“, ანუ ჯოფრის სიკვდილის დადგომის შესაძლებლობას. ანალოგიური სანსა სტარკმა  საერთოდ არ იცოდა, რომ სხეულით მომაკვდინებელ შხამს ატარებდა. შესაბამისად, ტირიონსა და სანსას არ მიუღიათ განზრახი მონაწილეობა სერსეის სადისტი ნაშიერის  მკვლელობაში და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელია.



გაცნობიერებული ჰქონდა თუ არა სერ დონტოსს მის მიერ ჩადენილი ქმედების საბოლოო შედეგი? ამაზე პასუხის პოვნა წიგნში  შეუძლებელია. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მან იცოდა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა სანსასთვის ყელსაბამის გადაცემას. ამიტომ მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პრინციპი In Dubio Pro Reo, ანუ ,,ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ.“  სერ დონტოსის განზრახვის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ ეჭვი მის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და ჩაითვალოს, რომ მას არ ჰქონდა გაცნობიერებული სანსასთვის ყელსაბამის გადაცემის მართლწინააღმდეგობა და არ ითვალისწინებდა ამის შედეგად ჯოფრის სიკვდილს.
სამაგიეროდ, ეჭვს არ იწვევს მკვლელობაში  ბეილიშის განზრახი მონაწილეობა - წიგნის 767-769-ე გვერდებზე ის სანსას მოუთხრობს ქინგს ლენდინგში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რაც ფაქტობრივად ჯოფრის მკვლელობის აღსარებად იქცევა - ნეკა აღიარებს, რომ სამკაულში შხამი სწორედ მან მოახვედრა და მანვე უბრძანა სერ დონტოსს მისი სანსასთვის გადაცემა. გარდა ამისა, ბეილში ეუბნება სანსას, რომ ჯოფრის მკვლელია ის, ვინც სანსას სამკაული შეუსწორა. ეს კი სხვა არავინაა, თუ არა ოლეინა ტირელი.[2]
შესაბამისად, პასუხი ჯოფრის მკვლელობისთვის უნდა აგონ პიტერ ბეილიშმა და ოლეინა ტირელმა.



მოქმედება მესამე - მსჯავრი


პირველ რიგში, განსასაზღვრია, თუ რა ქმედება ჩაიდინეს ლედი ოლეინამ და ბეილიშმა. რადგანაც სიკვდილის დროისთვის ჯოფრი 14 წლის იყო, მისი მკვლელობა დაკვალიფიცირდება სსკ 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.[3]
მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულში ორივე პერსონაჟი მონაწილეობდა, სასჯელის განსაზღვრისთვის აუცილებელია, გაირკვეს, თუ ვინ ჩაიდინა უშუალოდ ის მოქმედება, რომელმაც ჯოფრის სიკვდილი გამოიწვია, ანუ ვინ არის დანაშაულის ამსრულებელი.


მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის ამსრულებელი ოლეინა ტირელი გამოდის, რადგან სწორედ მან ჩააგდო საწამლავიანი კაფსულა ჯოფრის სასმისში, ანუ მან განახორციელა ის ქმედება (ღვინის მოწამვლა), რამაც გამოიწვია უშუალო შედეგი (ჯოფრის სიკვდილი). ბეილიში კი წარმოადგენს სსკ 23-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის თანამონაწილეს. არსებობს დანაშაულში თანამონაწილეობის სამი ფორმა - ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე. მოცემულ შემთხვევაში ბეილიში წარმოადგენს დანაშაულის ორგანიზატორს, ანუ ,,მას, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა“.[4]
ამრიგად, ოლეინა ტირელი უნდა დაისაჯოს სსკ 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებლობისთვის, ხოლო პიტერ ბეილიში - ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ორგანიზატორობისთვის. არ იკვეთება რაიმე გარემოება, რომელიც გამორიცხავდა თანამონაწილეთა ქმედების მართლწინააღმდეგობას ან ბრალს[5]. შესაბამისად მათ დაეკისრებათ კანონით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
 სასჯელის ზუსტი ოდენობა ამ ბლოგის მკითხველს თავადვე შეუძლია განსაზღვროს, თუმცა შეგახსენებთ - დანაშაულის მსხვერპლი სრულიად კაცობრიობისთვის საძულველი არსება კი გახლდათ, მაგრამ მკვლელები სულაც არ მოქმედებდნენ რაიმე კეთილშობილური მოტივით. ამიტომაც დამნაშავეთათვის 17 წლით რედ ქიფის ჯურღმულების ხეხვა ფრიად სამართლიან სასჯელად მიმაჩნია.



         გამოყენებული მასალა:
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
  • A Storm Of Swords
  • http://kinoblogi.ge/2014/04/hesdeadfinally/
  • თამბლერის რამდენიმე ბლოგი J


Cავტორი: საბა-გიორგი ბრაჭველი;
რედაქტირება: გიორგი კეკენაძე.




[1] აქ უნდა აღინიშნოს ერთი საორჭოფო გარემოება - ხმლების ქარიშხლის (A Storm Of Swords) 684-ე გვერდზე აღწერილია ჯოფრის სიკვდილისშემდგომი ქაოსი, რომლის დროსაც ტირიონი ღვრის სასმისში დარჩენილ ღვინოს (მოგვიანებით, სასამართლოზე ეს ფაქტი მის წინააღმდეგ იქნება კიდეც გამოყენებული). თუმცა ეს მოქმედება მან არა საკუთარი თავის, არამედ სანსას გადასარჩენად ჩაიდინა - იგი ფიქრობდა, რომ ჯოფრი სანსამ მოკლა, რაც ამავე წიგნის 736-ე გვერდიდან იკვეთება. ამრიგად,  რომ ტირიონს წარმოდგენა არ ჰქონდა ჯოფრის ნამდვილ მკვლელზე.
[2] იხ. ამავე წიგნის გვ. 672
[3] ჩვენთვის ცნობილი არ არის დამნაშავეთა ზუსტი მოტივი, რასაც დამატებით შეეძლო მათთვის პასუხისმგებლობის დამძიმება.
[4] სსკ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
[5] ამ ტერმინთა მნიშვნელობისთვის იხ. პოსტი ,,ნახევარპრინცის ნახევარმკვლელობა“.

No comments:

Post a Comment