Thursday, July 10, 2014

ბილბო ბაგინსთან დადებული ხელშეკრულება

  იურიდიულ კომპანია „May the law be with you-ს მომართა თორინ მუხისფარამ და ითხოვა ბილბო ბაგინსთან დასადები მომსახურების ხელშეკრულების შედგენა. კომპანიის იურისტებმა ქვემოთ მოცემული ხელშეკრულება დაწერეს. 

 

         მომსახურების ხელშეკრულება

 

                                                        ხელშეკრულების მხარეები
        ერთი მხრივ თორინი და კომპანია, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მხარე N1, იურიდიული მისამართი: Lonely Mountain,  წარმოდგენილი მისი დირექტორის, თორინ მუხისფარას (პ.ნ. 89991079707) მიერ,  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დართული დანართი 1-ად), და მეორე მხრივ  ბილბო ბაგინსი-იურიდიული მისამართი: შაირი,  შემდგომში მოხსენიებული როგორც „მხარე N2-ი“,  დებენ  წინამდებარე ხელშეკრულებას.
                                                                

1. ხელშეკრულების საგანი


 „მხარე N2-ი“ მიჰყვება თორინ მუხისფარასა და სხვა ჯუჯებს ეულ მთაზე სამოგზაუროდ, ამასთანავე, იგი  ასრულებს თორინის მითითებებს, მოგზაურობის დასრულებამდე აწვდის ჯუჯებს რჩევებს, ე ხოლო  „მხარე N1-ი“ იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახითა და ოდენობით მომსახურების საფასურსა და ხარჯებს.

2. მოგზაურობის და გასვენების ხარჯები


2.1 „მხარე N1-ი“ ზღვევს  მოგზაურობას „მხარე N2ის“ სასარგებლოდ, სადაზღვევო კომპანია „მორდორ კორპორაციაში“ (რეგისტრირებული მორდორში, რეგისტრაციის ნომერი 405186667) სრული პაკეტი - „სტანდარტ +“ით (არანაკლებ 50000 პენსისა). სადაზღვეო კომპანია და დაზღვევის პაკეტი შერჩეულია „მხარე N2-ის“ მიერ.
2.2. „მხარე N2-ის“ მოგზაურობისას გარდაცვალების შემთხვევაში „მხარე N1“ ფარავს მისი დაკრძალვის, გასვენების ხარჯებს, არაუმეტეს 1000 პენსისა.


3. ხელშეკრულების ფასი და განძის განაწილება

3.1. „მხარე N1-ი“ ანაწილებს Lonely Mountain-ში არსებულ განძს, მის მეთოთხმეტედ ნაწილს  უგზავნის  „მხარე N2-ს” მის იურიდიულ მისამართზე, განძის დაუფლებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
3.2. „მხარე N1-ი“ უზრუნველყოფს გასაგზავნი განძის შეფუთვას იმგვარად, რომ ტრანსპორტირებისას ძვირფასეულობა დაცული იყოს გადაზიდვისას შესაძლო ჩვეულებრივი მექანიკური და თერმული დაზიანებისგან.
3.3. გადაზიდვას ახორციელებს მხარე N2-ის მიერ შერჩეული კომპანია - შპს „არწივი და კომპანია“ (რეგისტრაციის ნომერი 545746667) (შემდგომში „გადამზიდველი“).
3.4. „მხარე N2-ი” აუნაზღაურებს  „მხარე N1-ის“ კუთვნილი განძის მხარე N2-ის იურიდიულ მისამართზე გაგზავნის ხარჯს- 200 პენსის ფარგლებში.
3.6. განძის შემთხვევითი დაღუპვის რისკი „მხარე N1-იდან“ „მხარე N2-ზე“ გადადის განძის „გადამზიდველისათვის“  ჩაბარების მომენტიდან.


4. პირგასამტეხლო

4.1. ხელშეკრულების 3.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში „მხარე N1ს“ დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 50 პენსის ოდენობით.
                                                     

5. დავების გადაწყვეტა


ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობასა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს გენდალფი & არბიტრაჟი“ (სარეგისტრაციო კოდია 123547567)

 

6. კონფიდენციალობა

6.1 კონფიდენციალობა „მხარე N1-ისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია.
6.2  „მხარე N2-ი“ იღებს ვალდებულებას არცერთი საშუალებით და ფორმით არ გაამჟღავნოს ინფორმაცია: მოგზაურების დროს ნანახი, გაგონილი- ფაქტების, მოვლენების, რუკის აღწერილობის, გეოგრაფიის, თეორიების, კონცეფციების, ჯუჯათა პერსონალური და პროფესიული საიდუმლოების შესახებ.

 

7.   სხვა პირობები


7.1. ხელშეკრულება იდება თანაბარი ძალის მქონე ორ ეგზემპლარად.
7.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელშეკრულების ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერის მომენტიდან.
7.3. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება შეიტანება მხარეთა მიერ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
7.4. დანართი 1 წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
7.5. მხარეთა ნების და ხელშეკრულების ცალკეული დებულებების ბუნდოვანების შემთხვევაში, მათი განმარტების მიზნებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას 10.02.2014-იდან 8.03.2014-მდე მხარეებს შორის ელექტრონული მტრედით (ლურჯთვალა მტრედი@თორინი-მხარე N1; მწვანეფრთა@ბილბო-მხარე N2-ი) ნაწარმოები  კომუნიკაცია.

„მხარე N1“                                                                                                      „მხარე N2“

(თორინ მუხისფარა)                                                                                    (ბილბო ბაგინსი)

No comments:

Post a Comment