Tuesday, June 10, 2014

გახდა თუ არა Kraznys mo Makloz დრაკონის მესაკუთრე?

A storm of sword-ის წაკითხვისას[1], ან GOT-მე-3 სეზონის[2] ყურებისას, ალბათ ყველანი აღტაცებულნი დარჩით დრაკონის გაცვლის ეპიზოდით.  დიენერის ტარგარიანმა ტროლინგის უმაღლესი დონე წარმოაჩინა და ბევრ ფანს წამოაძახებინა “ჩემი ხალისი“. 

 თუმცა, ნერდი იურისტი აღტაცების მიუხედავად, მაინც არ დაკარგავდა თავის ყურადღებიანობას. ის ამ მომენტს თავის წარმოსახვაში სამართლებრივი კუთხით მაინც შეაფასებდა.

    სამართლებრივი ანალიზის წაკითხვამდე, წარმოიდგინეთ, რომ სერ ჯორა ურჩევს დიენერის ყოველგვარი ეჭვის გასაქარწყებლად სამართლებრივი დასკვნის შედგენას. დიენერისი იზიარებს სერის რჩევას და დაარიო ნაჰარისთან ერთად მიდის იურიდიულ კომპანიაში  „May the law be with you“. დიენერისი შედის კომპანიაში(დაარიო მოსაცდელში ელოდება) და ითხოვს სამართლებრივი დასკვნის დაწერას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. იგი კომპანიის თანამშრომელს უყვება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. რის შემდეგ იურისტი იწყებს სამართლებრივი დასკვნის დაწერას.
   სამართლებრივი დასკვნის დაწერისას, რამდენიმე დაშვება უნდა გაკეთდეს. მონები სამოქალაქო სამართლის ობიექტებად უნდა ჩაითვალოს და მათი გაყიდვა უნდა შეიძლებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგოობის გამო აზრი დაეკარგებოდა ამ შემთხვევის განხილვას.


სამართლებრივი დასკვნა.

I არსი: გახდა თუ არა Kraznys no Makloz დრაკონის მესაკუთრე?
I კანონი: სსკ-ის 327-ე 521-ე მუხლები;
I განმარტება: გაცვლის ხელშეკრულებით  მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. იმისთვის, რომ გაცვლის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს, სსკ-ის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეები უნდა შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე. არსებითი პირობა გაცვლის ხელშეკრულებისას არის გაცვლის საგანი, თუ მხარეები არ შეთანხმდებიან სხვა, დამატებით პირობებზე. შეთანხმება კი გულისხმობს, ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენას ოფერტისა(შეთავაზების) და აქცეპტის(თანხმობის) სახით. იმისათვის, რომ Kraznys mo Makloz გახდეს დრაკონის მესაკუთრე, რამდენიმე წინაპირობა უნდა არსებობდეს: ა) დიენერისი უნდა იყოს დრაკონის მესაკუთრე; ბ) Kraznys mo Makloz უნდა იყოს მონათა(unsullied) მესაკუთრე; გ) ამ ორ სუბიექტს შორის  გაცვლის არსებით პირობაზე(გაცვლის საგანზე) უნდა იყოს შეთანხმება მიღწეული.

ანალიზი:
ა) არის, თუ არა დიენერისი დრაკონის მესაკუთრე?
ცხოველს არ გააჩნია ღირსება, შესაბამისად არც პიროვნულობა. ამიტომ იგი სამოქალაქო სამართლის ობიექტს წარმოადგენს. მასზე ვრცელდება სხვა ნივთების მიმართ მოქმედი წესები.[3] დრაკონი ცხოველს წარმოადგენს, ამიტომ მასზე ჩვეუებრივად გავრცელდება სსკ-ის მოთხოვნები.
დადგენილია, რომ დიენერისს დრაკონთა კვერცხები Illyrio Mopatis-მა აჩუქა.
  სამოქალაქო კოდექსის  524-ე მუხლის მიხედვით ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ასევე, უდავოა, რომ ორივე მხარემ ნამდვილი ნება გამოავლინა. აღნიშნულ ხელშეკრულებას, არც წერილობითი ფორმის დაცვა სჭირდება. ამიტომ, არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის რაიმე საფუძველი.

შესაბამისად,   დიენერისი თვით ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გახდა დრაკონთა მესაკუთრე.  

ბ) არის, თუ არა Kraznys mo Makloz Unsullied-თა მესაკუთრე?

 Unsullied-ები  მონებს წარმოადგენენ, რადგან ისინი ასტაპორში ობიექტებად განიხილებიან, მათ არ აქვთ თავისუფალი ნება. ისინი თავიანთი მასტერების ყველა სურვილს ემორჩილებიან.

 სსკ-ის მე-7 მუხლის მიხედვით, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. ამასთანავე,  სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“ ამიტომ,  მონათა მიმართ საკუთრების უფლების მოპოვება და მათი გადაცემა მხოლოდ მაშინ დაიშვება,  თუ ეს აკრძალული არ იქნება კანონით. საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უმაღლესი კანონია, მისი მე-17 მუხლი განამტკიცებს ადამიანის ღირსების უფლებას, ამასთანავე, მე-14 მუხლის მიხედვით ადამიანი დაბადებით თავისუფალია. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი კრძალავს მონობის ყოველგვარ ფორმას. შესაბამისად, მონები(ადამიანთა) სამართლებრივ ობიექტებად განხილვა ეწინააღმდეგება კანონს, ადამიანები  სამართლებრივი ურთიერთობის არა ობიექტები, არამედ სუბიექტები არიან. ამიტომ, ადამიანი ვერ იქნება საკუთრების უფლების ობიექტი. მათზე საკუთრების გადაცემის შესახებ დადებული ნებისმიერი შეთანხმება ბათილი იქნება, რადგან იგი ეწინააღმდეგება კანონს.


შესაბამისად, Kraznys mo Makloz ვერ იქნება მონათა მესაკუთრე.

თუმცა, შემთხვევის სრულად განხილვისთვის დაიშვება, რომ მონები შეიძლება იყვნენ საკუთრების ობიექტები, როგორც ეს ქალაქ ასტაპორში იყო დაშვებული. ამ შემთხვევაში, მოხსენიებული მასტერი მონათა მესაკუთრე იქნებოდა.

გ) გაცვლის არსებით პირობაზე(გაცვლის საგანზე) შეთანხმდნენ, თუ არა დიენერისი და Kraznys-ი?
სსკ-ის 329-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. სსკ-ის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეები უნდა შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე.  არსებითი პირობა გაცვლის ხელშეკრულებისას კი არის გაცვლის საგანი, თუ მხარეები დამატებით არ არიან შეთანხმებულნი სხვა პირობებზე.
დადგენილია, რომ დიენერისს კრაზნისმა აჩვენა მონები.
ხოლო შემდეგ, დიენერისმა შეთავაზა მას მათ მაგივრად დრაკონის გადაცემა. ანუ, მხარეების მიერ გათვალისწინებული იყო, თუ რისი გაცვლა უნდა მომხდარიყო და ისინი სხვა, დამატებით პირობებზე არ შეთანხმებულან.[4]  როგორც დიენერისის შეთავაზებისას, ისე კრაზნისის თანმობის თქმისას ჩანდა, რომ ორივენი მზად იყვნენ თავიანთი წინადადების შესასრულებლად.  შესაბამისად, დიენერისის შეთავაზება ერთი პირის-კრაზნისის მიმართ, წარმოადგენდა სსკ-ის 329-ე მუხლით გათვალისწინებულ ოფერტს, ხოლო კრაზნისის თანხმობა აქცეპტს. გაცვლის საგანზე შეთანხმებით კი  მხარეები  შეთანხმდნენ გაცვლის არსებით პირობაზე, რის გამოც სსკ-ის 327-ე მუხლის მიხედვით, მათ შორის დაიდო გაცვლის ხელშეკრულება.


     თუმცა, განსახილველია ის ფაქტი, რომ დიენერისს თავიდანვე არ ჰქონდა დრაკონის  გაცვლის ნება. მას არ ჰქონია დრაკონზე საკუთრების უფლების გადაცემის სურვილი, მაგრამ გარეგნულად სხვა ქმედება განახორციელა(გაცვალა დრაკონი). სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მოცემულ შემთხვევაში, ჩანს რომ დიენერისს ორი მოქმედების განხორციელების ნება ჰქონდა. ერთი-იგი ითვალისწინებდა იმას, რომ დრაკონი უნდა გადაეცა კრაზნისისთვის; მეორე- დიენერისს სურდა დრაკონის დაბრუნება, მასტერისთვის მისი წართმევა.  მეორე ნება კანონსაწინააღმდეგოა და დაცვას ვერ დაექვემდებარება. შესაბამისად, ფარული-კანონსაწინააღმდეგო ნების არსებობა, ვერ გადაწონის გამოვლენილ ნებას.



დასკვნა*:
დიენერისსა და კრაზნისს შორის   დაიდო გაცვლის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც კრაზნისი გახდა დრაკონის მესაკუთრე.

*იმ შემთხვევაში, თუ Unsullied სამართლის ობიექტებად არ განიხილება, მაშინ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ბათილი იქნება კანონსაწინააღმდეგობის გამო, შესაბამისად ვერც ერთი ვერ მხარე შეიძენდა სასურველ ნივთზე საკუთრების უფლებას.



აბრევიატურა:
სსკ-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.




[1] A Storm of Swords, Chapter 23
[2] მე-3 სეზონის მე-4 ეპიზოდი.
[3] დავით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, გვ. 207,  2009
[4] A Storm of Swords, Chapter 23


1 comment:

  1. ჩემო კეკენ,

    "ცხოველს არ გააჩნია ღირსება, შესაბამისად არც პიროვნულობა. ამიტომ იქი სამოქალაქო სამართის ობიექტს წარმოადგენს. მასზე ვრცელდება სხვა ნივთების მიმართ მოქმედი წესები"

    აბა ერთი მეორედ უყურე მაგ ვიდეოს :D

    ReplyDelete