ბევრ თქვენგანს
ემახსოვრება ეპიზოდი, როდესაც დობი "გათავისუფლდა". ალბათ თქვენც კმაყოფილი იყავით დასასრულით. კარგი სანახააობა იყო- გათავისუფლებული დობი და რამდენიმე მეტრით გაფრენილი ლუციუს მალფოი.
თუმცა, ნერდი იურისტი გახარების მიუხედავად, მაინც დაინტერესდებოდა, რეალურად გათავისუფლდა, თუ არა დობი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. არებობს მცირე განსხვავება წიგნსა და ფილმს შორის. ორივეგან ჰარი თავის წინდას იხდის და დებს დღიურში, მაგრამ წიგნში ლუციუს მალფოი წინდას ისვრის და მას დობი იჭერს. ფილმში მალფოი დღიურს, რომელშიდაც ჰარის წინდა დევს, დობის აწვდის. ორივე შემთხვევა იქნება სამართლებრივად შეფასებული .
საკმარისია მხოლოდ
ტანსაცმლის გადაცემა იმისათვის, რომ დობი თავისუფალი გახდეს, თუ საჭიროა მისი ჩუქება?
ამაზე პასუხი თავად მის (დობის) დანიშნულებაშია. იგი ფაქტობრივად მონაა და მისი ყოველდღიური
საქმიანობა მხოლოდ ბატონთან ცხოვრებით არ შემოიფარგლება. ბუნებრივია, მას ხშირად ექნებოდა
შეხება ბატონის ნივთებთან და ნაკლებად სავარაუდოა, ამ დროს სადმე ტანსაცმელს არ გადაყროდა.
შესაბამისად, ჩუქების გარეშე ტანსაცმლის მხოლოდ ხელში დაკავება რომ ყოფილიყო საკმარისი საფუძველი დობის გათავისუფლებისთვის, ეს საფრთხეს შეუქმნიდა „სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას“-(აქ შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ იურისტებისათვის აღქმადი ხუმრობა).
უდავოა, რომ დობის
გასათავისუფლებად საჭიროა მალფოიმ გადასცეს მას რაიმე ტანსაცმელი. ტანსაცმლის
გადაცემა შესაძლოა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით გათვალისწინებულ ჩუქებას წარმოადგენდეს.
ამ მუხლის მიხედვით ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
შესაბამისად, იმისათვის რომ დობი გათავისუფლდეს, ტანსაცმლის ჩუქების ნამდვილი ხელშეკრულება
უნდა იყოს სახეზე, ანუ ნამდვილი უნდა იყოს
მჩუქებლის
და დასაჩუქრებულის ნება. უდავოა, რომ წინდა ტანსაცმელს წარმოადგენს. ისიც უდავოა, რომ მალფოიმ წიგნი, რომელშიც წინდა იყო გადასცა დობის
და იგი დობიმ მიიღო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დობის მიერ წინდის მიღება ნამდვილია,
განსამარტავია, ნამდვილი იყო თუ არა მალფოის ნება, ან თუ იყო საერთოდ იგი გამოვლენილი.
იმისთვის,
რომ ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს, სსკ-ის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით,
მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ მის ყველა არსებით პირობაზე. არსებითი პირობა ჩუქების
ხელშეკრულებისას არის ჩუქების საგანი (საჩუქარი). შეთანხმება კი გულისხმობს, ორი ურთიერთ
მფარავი ნების გამოვლენას ოფერტისა და აქცეპტის სახით. შესაბამისად დასადგენია შეთანხმდნენ
თუ არა მხარეები საერთოდ რამეზე და თუკი შეთანხმდნენ, იყო თუ არა ეს ხელშეკრულების
არსებით პირობებზე შეთანხმება.
სახეზეა თუ არა
მხარეების შეთანხმება?
თუ
ლუციუს მალფოის ქმედება ჩაითვლება ოფერტად, მაშინ დობის მხრიდან აქცეპტის ნამდვილობა
განხილვას აღარ საჭიროებს, რადგან როგორც წიგნიდან, ისე ფილმიდან კარგად ჩანს, რომ
მან ეს „შეთავაზება“ მიიღო.
შესაბამისად, შეთანხმების ნამდვილობის დასადგენად საჭიროა შეფასდეს, იყო თუ არა ლუციუს მალფოის ქმედება, როდესაც მან დობის წინდიანი წიგნი მიაწოდა, წინდის ჩუქების ხელშეკრულებაზე ოფერტის გაკეთება.
შესაბამისად, შეთანხმების ნამდვილობის დასადგენად საჭიროა შეფასდეს, იყო თუ არა ლუციუს მალფოის ქმედება, როდესაც მან დობის წინდიანი წიგნი მიაწოდა, წინდის ჩუქების ხელშეკრულებაზე ოფერტის გაკეთება.
ოფერტი
არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა. ხოლო „ნების გამოვლენა“ არის კონკრეტული
სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი
გაცხადება.[1] სსკ-ის
51-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა ნამდვილად ჩაითვლება
იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. მისვლის მომენტიც ამ შემთხვევაში არაა
სადავო.
ნება
რომ გამოვლენილად ჩაითვალოს, იგი ჯერ სუბიექტურად უნდა არსებობდეს და იყოს მიმართული
კონკრეტული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ, შემდეგ კი უნდა მოხდეს მისი გაცხადება
ისე, რომ იგი მეორე მხარისთვის შეცნობადი იყოს. მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა
გაცხადებულია, როდესაც გამომვლენმა იგი ადრესატისკენ მიმართა ისე, რომ მისი საბოლოობა
ეჭვს აღარ იწვევს და, ჩვეულებრივ, სავარაუდოა ადრესატის მიერ მისი მიღება.[2]
თუკი ლუციუს მალფოის
საერთოდ აქ ჰქონდა რაიმე სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ მიმართული ნება, არც
ნების გამოვლენა და შესაბამისად ოფერტი იქნებოდა სახეზე. თუმცა სსკ-ის 52-ე მუხლის
მიხედვით, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის
სიტყვასიტყვითი აზრიდან. ეს ნორმა არა მხოლოდ სიტყვით გამოხატულ, არამედ კონკლუდენტურად
გაცხადებულ ნების გამოვლენაზეც (ან თუნდაც უბრალოდ „მოქმედებაზე“) ვრცელდება. გონივრული
განსჯა კი გულისხმობს იმას, თუ ობიექტურად როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო აღქმული ნების
გამომვლენის მოქმედება. პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც პირის მოქმედება სხვა შედეგის
დადგომისკენ იყო მიმართული, ობიექტურად იგი სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო აღქმული
და როდესაც ნების გამოვლენის ადრესატი კეთილსინდისიერად მიიჩნევს ამ ობიექტურად შესაძლო განმარტებას გამომვლენის ჭეშმარიტ ნებად.
თუმცა ადრესატი ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს გამომვლენის ჭეშმარიტი ნება, ანუ, თავის მხრივ, გააკეთოს ყველაფერი
ჭეშმარიტი ნების დასადგენად. იმ შემთხვევაში,
თუ, ასეთი მიდგომის მიუხედავად, მიმღების მიერ
დადგენილი „ჭეშმარიტი ნება“ განსხვავდება გამომვლენის
ნებისაგან, იგი დაცული უნდა იქნეს.[3] ნების
გამოვლენის ადრესატი ვალდებულია, შეეცადოს შეიცნოს ნების გამომვლენის ჭეშმარიტი ნება, ანუ იყოს განმარტებისას კეთილსინდისიერი. შესაბამისად, მან იმ ფარგლებში,
რაც მას არ უქმნის შეუსაბამო დისკომფორტს,
მხედველობაში უნდა მიიღოს მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, გაითვალისწინოს არსებული
გარემოებები და შეეცადოს დაადგინოს გამომვლენის
ჭეშმარიტი ნება. გადამწყვეტია ის, რომ ნების გამოვლენის ადრესატმა შეიცნოს ნების გამომვლენის ჭეშმარიტი ნება.[4]
თუ დობიმ სცადა პატრონის მოქმედებით გამოხატული
ჭეშმარიტი ნების დადგენა და დაადგინა, რომ მას ნამდვილად წინდის ჩუქება სურდა, მალფოის
მოქმედება ჩაითვლებოდა ოფერტად, მიუხედავად იმისა, მან სუბიექტურად ნამდვილად ამ შინაარსით
განახორციელა მოქმედება თუ არა. ფილმიდან (წიგნიდადაც) ნათლად ჩანს, რომ ჰარის მოქმედება
მალფოის მოტყუებისკენ იყო მიმართული და დობიმ წინდის მიღებისას იცოდა, ან ობიექტურად,
უნდა სცოდნოდა, რომ ბატონის ნება სულაც არ იყო მისთვის რაიმეს ჩუქება, არამედ ფილმის
მიხედვით წიგნი მიაწოდა (იდეაში წამოსაღებად), წიგნის მიხედვით კი წინდა უბრალოდ გადააგდო.
არაა რაიმე გარემოება, მათს შორის არც სუბიექტური, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა დობის მიერ
იმის მიხვედრას, რომ ბატონის მოქმედება ოფერტი (ჩუქება) არ იყო.
შეიძლება ითქვას, რომ დობიმ მალფოის მოქმედება
„გამოიყენა“, რაც არაა ნამდვილი ხელშეკრულების დადების საფუძველი. სახეზე არ იყო მალფოის
მიერ ჩუქებაზე ნების გამოვლენა და არც დობისთვის იყო ობიექტურად სავარაუდო ასეთი ნების
არსებობის შესახებ.
დასკვნა: სახეზე არაა ლუციუს მალფოის მიერ დობის მიმართ ტანსაცმლის ჩუქებაზე ოფერტის გაკეთება. მალფოის არც ფილმში მოყვანილი და არც წიგნში აღწერილი მოქმედება არაა საკმარისი
იმის სათქმელად, რომ „ბატონმა დობის წინდა
აჩუქა“. ამიტომაც, დობი არ გამხდარა თავისუფალი!
ბოდიში დობი!
გიორგი თურმანიძე
გიორგი კეკენაძე
May the Law be with you!
[2] Larenz/Wolf, AT des
Bürgerlichen Rechts, 2004, § 26, RdNr. 2; Medicus, AT des BGB,
2006,
§ 22, RdNr. 265; მოხსენიებული:
დავით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, გვ.
249, 2009
[4] Kereselidze, AT des ZGB, 2005, 186 f. Sead.:
von Tuhr, AT II (1), 1918, § 61 II, 416 (Fn.
92); Flume, AT II, 1975, § 16 (1), 301; გამოყენებული:-დავით
კერესელიძე,
კერძო
სამართლის
უზოგადესი
სისტემური
ცნებები,
გვ.
254, 2009
No comments:
Post a Comment